Wednesday, December 10, 2014

კონფერენციის პრეზენტაცია

კონფერენცია

        დღეს, 10 დეკემბერს, ქალაქ დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ჯგუფმა გამართა კონფერენცია თემაზე პროექტის ,, ჩემი დედოფლისწყარო ჩემი განძია'' დახურვა და აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე მოწვეული გვყავდა ჩვენი სამიზნე სოფლების: სამთაწყაროს, საბათლოსა და ფიროსმანის სკოლების დირექტორები და პედაგოგები, ჩვენი სკოლის პედაგოგები, პროგრამის ,, სკოლის ბაზაზე პედაგოგთა პროფესიული განვითარების ჯგუფის" ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ინასარიძე, ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი თეა ლეკაშვილი და პრესის წარმომადგენლები. კონფერენციაზე ,, შვიდკაცას" წევრები მოხსენებით გამოვედით და მოწვეულ სტუმრებს გავაცანით ჩვენი პროექტის მიზნები, ამოცანები, განხორციელების ეტაპები, ჯგუფების მუშაობის სპეციფიკები, ჯგუფებში განსახორციელებელი აქტივობების შეფასების კრიტერიუმები, პროექტის განხორციელების დროს დაძლეული პრობლემები და, რათქმაუნდა, შედეგები.
            ნინო ფიროსმანიშვილმა ისაუბრა ზოგადად პროექტის არსის შესახებ. კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თინათინ ფიროსმანიშვილმა ისაუბრა შეფასების კრიტერიუმების შესახებ. IT ჯგუფის ხელმძღვანელმა – ქალბატონმა ნატალია ვარდიშვილმა, ეკოჯგუფის ხელმძღვანელმა - ქალბატონმა ირინა თეთვაძემ და და წყებითების ჯგუფის ხელმძღვანელმა - ქალბატონმა ნონა პოპიაშვილმა ისაუბრეს შესაბამისად საკუთარი ჯგუფების მუშაობის სპეციფიკის შესახებ. ეკო ჯგუფის მოსწავლემ, მარიამ ჯორკოშვილმა წარმოადგინა ნიმუში მოხსენება თემაზე ,, ვაზის დაბერება".  ამის შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა გაგვაცნეს საკუთარი დამოკიდებულება ჩვენი პროექტის მიმართ და გამოხატეს მადლიერება იმ გამოცდილების გამო, რაც პროექტმა შესძინა მათ მოსწავლეებს და ზოგადად სკოლას. ასევე სიტყვით გამოვიდა ჯგუფის წევრი, ქალბატონი ირინა იაკობიშვილი, რომელმაც მშობლის პოზიციიდან შეაფასა პროექტის ავკარგიანობა. პროექტის წარმატებით დასრულება მოგვილოცეს ქალბატონმა მაია ინასარიძემ, თეა ლეკაშვილმა,  ჩვენი სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეთერ ოთარაშვილმა და ჩვენივე სკოლის პედაგოგმა ქალბატონმა ეთერ ზურიკაშვილმა.
        კონფერენციის საბოლოო ეტაპი იყო პროექტის მიხედვით ბლოგების კონკურსში მონაწილე და გამარჯვებული სკოლების დაჯილდოება. კონკურსში გაიმარჯვა საბათლოს საჯარო სკოლამ და დაჯილდოვდა ფოტოაპარატით. ფიროსმანის და საბათლოს სკოლები კი პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ ჭავლური პრინტერებით.
       კონფერენციის ოფიციალური მხარის დასასრულს ჯგუფის წევრებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს მობრძანებისთვის და დადებითი შეფასებებისთვის.
      ამის შემდეგ კონფერენციის არაუფიციალური ნაწილი ფურშეტით გაგრძელდა.








Saturday, October 25, 2014

პირველი გამოხმაურება

ინტერნეტგაზეთი qiziyi.ge სტატიით გამოეხმაურა ჩვენს პროექტს და ფართო საზოგადოებას ამცნო მის შესახებ, რისთვისაც მადლობას ვუხდით გაზეთის ავტორებს. თუმცა აქვე შევიტანდით ერთ შესწორებას – ნინო ფიროსმანიშვილი არის პროექტის ერთერთი ხელმძღვანელი დანარჩენ 7 ხელმძღვანელთან ერთად.

Thursday, October 16, 2014

შემაჯამებელი ანგარიში No1 (17.10.2014)

მოსამზადებელი ეტაპი - პროექტის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდებოდა 1 ივლისიდან 14 ივლისამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩავატარეთ კვლევა ,,ყოფილხართ საბათლოში?“ გამოვიკვლიეთ აღნიშნულ სოფლებში ნამყოფი მოსახლეობის ხვედრითი წილი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით და გავარკვიეთ მათი აზრი სოფლების შესახებ; შევხვდით დედოფლისწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მის მოადგილეებს, აგრეთვე რესურსცენტრის ხელმძღვანელს და მის თანამშრომლებს და გავაცანით ჩვენი პროექტი, ვთხოვეთ დახმარება საორგანიზაციო საკითხებში, როგორიცაა შეხვედრის ორგანიზება სამიზნე სოფლების რწმუნებულებთან და სკოლების დირექტორებთან, ტრანსპორტის შოვნა სოფლებში სამგზავროდ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა და რესურსცენტრის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა დახმარება აღგვითქვეს ყველა აღნიშნულ საკითხში.
საწყისი ეტაპი (პირველი საფეხური) - საწყისი ეტაპის პირველი საფეხური გაგრძელდა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში შევქმენით პროექტის ბლოგი; დავბეჭდეთ და გავავრცელეთ საინფორმაციო ბროშურა პროექტის შესახებ; პედაგოგიურ საბჭოზე მოვახდინეთ საკუთარი სკოლის პედაგოგების ინფორმირება; გამგეობის შენობაში განხორციელდა შეხვედრა სამიზნე სოფლების რწმუნებულებთან, აგრეთვე რესურსცენტრის შენობაში შედგა შეხვედრა იგივე სოფლების სკოლების დირექტორებთან და ორ-ორ აქტიურ პედაგოგთან. აღნიშნულ შეხვედრებზე რწმუნებულებს, დირექტორებს და პედაგოგებს გავაცანით პროექტი და მისი განხორციელების ვადები. გვქონდა საიმფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ გაზეთ ,,შირაქის“ რედაქციაში, სასაზღვრო სამსახურთან და ტალავიზია ობიექტივზე გადაცემა ,,დედოფლისწყაროს საათის“ ავტორთან. ამავდროულად შეიქმნა და ბლოგზე განთავსდა შეფასების კრიტერიუმები ჯგუფებში განსახორციელებელი ყოველგვარი აქტოვიბისთვის.
საწყისი ეტაპი (მეორე საფეხური) - საწყისი ეტაპის მეორე საფეხური გრძელდაბოდა 15 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე. ამ პერიოდში განხორციელდა სკოლის მოსწავლეების და მშობლების ინფორმირება; მოსწავლეთა შერჩევა სამოტივაციო წერილების საფუძველზე; მათი გადანაწილება ჯგუფებში; ჯგუფების 8 კვირიანი სამუშაო ეტაპის განსაზღვრა.
სამუშაო ეტაპი - სამუშაო ეტაპი დაიწყო 29 სექტემბერს და გრძელდება უკვე სამი კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში რეგულარული სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს ყველა ჯგუფში. დეტალურ ინფორმაციას ჯგუფების მუშაობის შესახებ ნახავთ ჩვენს ბლოგზე:
http://chemidedoplistskaro.blogspot.com/

18 ოქტომბერს დაგეგმილია პირველი გასვლა სოფლებში. 

Monday, October 13, 2014

მორიგი შეხვედრა დირექტორებთან

ორშაბათს, 13 ოქტომბერს, დედოფლისწყაროს რესურსცენტრში ჯგუფის წევრები შეხვდნენ სამთაწყაროს, ფიროსმანის და საბათლოს სკოლების დირექტორებს. შეხვედრაზე აცნობეს, რომ პირველად სოფლებს ესტუმრებოდნენ 18 ოქტომბერს, ამასთან სთხოვეს, რომ ინფორმაცია მათი ვიზიტის შესახებ მიეწოდებინათ საკუთარი სკოლების მოსწავლე-მასწავლებლებისთვის და მოემზადებინათ შეხვედრა. დირექტორებისგან კომპიუტერული ლაბორატორიით სარგებლობჯს უფლებაც ვითხოვეთ გამომდინარე იქიდან, რომ პირველი შეხვედრა იქნება სწორეს IT ჯგუფის ვიზიტი.
დირექტორებმა დახმარება აღგვითქვეს ყველა აღნიშნულ საკითხში.

Wednesday, October 1, 2014

ჯგუფის წევრების ფუნქციები

ეკო ჯგუფი - ირინა თეთვაძე
საზოგადოებრივი მეცნიერებათა ჯგუფი - მაია ლაპიაშვილი
IT ჯგუფი - ნატალია ვარდიშვილი
დაწყებითი კლასების ჯგუფი - ნონა პოპიაშვილი
ჟურნალისტების ჯგუფი - ნინო ფიროსმანიშვილი

კომისია:
თინათინ ფიროსმანიშვილი - თავმჯდომარე
ირინა იაკობიშვილი
ინგა ქუფარაშვილი